კრიმინალი მე-19 საუკუნის თბილისში – კარაპეტ გრიგორიანცის ძველთბილისური ამბები

კრიმინალი მე-19 საუკუნის თბილისში – კარაპეტ გრიგორიანცის ძველთბილისური ამბები

1773
გაზიარება

როგორი იყო კრიმინალური მდგომარეობა ძველ თბილისში, რას წერს  თვითნასწავლი  თბილისელი  მხატვარი და მწერალი კარაპეტ გრიგორიანცი ცნობილი ყაჩაღის, ტატო წულუკიძის შესახებ… გთავაზობთ გრიგორიანცის “ძველი თბილისური ამბებიდან” მცირე ამონარიდს, რომელშიც მე-19 საუკუნის თბილისის და თბილისელების ყოფა – ცხოვრებაა აღწერილი.

tato-wulukidze

„ქალაქიც ასიოდე მუშას ინახავდა ქუჩების დასაგველად. იმ დროს მოქალაქენი მეეზოებს არ ინახავდნენ, გარდა ღამის ასასებისა, ისინიც ყარაულობდნენ მხოლოდ ბაზრის დუქნებს და არა სახლებს. ამის მიზეზითაც იმთავითვე პოლიციის დარაჯების უქონლობის გამოდ მუდმივად ქალაქის სახლები, დუქნები და ხალხი ერთავათ იცარცვებოდა. როგორც შემდეგში დაინახავთ მთელს ქალაქში პოლიციის მოხელენი ათი სული არ იქნებოდა, რაღა თქმა უნდა, რომ ცარცვა გლეჯა და კაცის კვლა ხშირი იქნებოდა. ამგვარი საქმები ყველაზე უფრო ხშირად ხდებოდა „ეშმაკის“ ბაზარში, ანუ აბანოების უბანში, სადაც სპარსელები, ოსმალეთის ხალხი და სხვა მხრიდან ჩამოსულნი უსათუოთ იქ მოიყრიდნენ თავსა, რადგან ფურგუნები იმ უბანში ჩერდებოდნენ, „ეშმაკის“ ბაზრის მგზავსი ადგილი ერთიც იყო რიყე, სადაც გაყიდული საქონლის პატრონი ფულს თავის სახლში ვეღარ მიიტანდა, ან ჯიბიდან ამოაცლიდნენ, ან ბუმაჟნიკს დაუგდებდნენ, განგებ ფულს აპოვნინებდნენ, ან კიდევ ყალბი ქამრისა და სხვა ნივთების მიყიდვით ჯიბებს ერთიანად დაუცარიელებდნენ. უკეთუ ამგვარ იშკილბაზობით ვერაფერს გააწყობდნენ, მაშინ სადმე დაჰპატიჟებდნენ და კარტის თამაშობაში ერთიანად გააკოტრებდნენ და ანაზდათ აქ იქა მიიმალებოდნენ.”

ტფილისელი ყაჩაღის – ტატო წულუკიძის ამბავი

“ყაჩაღი ტატო წულუკიძე იყო თაწმინდის უბნელი საკუთარი სახლ-კარის და ხეტყის ქარხნის პატრონი აზნაურის შვილი, რომელსაც ხშირად ამხანაგები ხუროშვილს ეძახდნენ“. ჯერ ისევ თექვსმეტი წლის ყმაწვილი იყო, რომ რაღაც მიზეზის გამოთ გიმნაზიიდან დათხოვნილი იქმნა. ტატოს მამამ თავისი შვილი პატარა სირაჯხანაში თავის ერთ ნათესავის დუქანში მიაბარა.
ტატო იმ დუქანში დიდხანს არ დარჩა. ერთ დღეს სხვის მიბარებული ვერცხლის საათი დუქნიდან მოიპარა და გაიქცა. ეს იყო იმ საშინელი შეუბრალებელი სისხლის მღვრელი ავაზაკის პირველი ქურდობა. რაღა თქმა უნდა, ამგვარ საქციელის გამოთ მშობლებმა ტატო თვალში ამოიღეს და კიდეც სამუდამოდ ოჯახს დაეთხოვა და გავარდა. შეადგინა თანა მოაზრე ბრბო და კადნიერად დაიწყო ცარცვა გლეჯა და მკვლელობა. იმის ამხანაგებიდან მარტო ორი სამის სახელი მახსოვს, ერთი ყოფილა შავი პეტო, მეორე იოსელიანი, მესამე საქულა.
ტატო წულუკიძე მე პირადათ მინახავს იმ დროს. ესე იგი 1877 წელს, როდესაც კლდის უბანში ერთი მდიდრის სახლი გაეცარცვა და როგორღაც ხერხად ხელში ეგდოთ და დაეჭირად. ის იყო ჯორჯიაშვილის მზგავსი შავგრემანი და სუსტი აგებულობის ყმაწვილი. თავზე ეხურა მიხაკის ფერი ფაფახი და ტანზე ეცვა აქლემის ბალნის ყვითელი ჩოხა. მისი ორივე ხელები თოკებით შეეკრათ და თან სატარებელ იარაღებს სინჯავდნენ. თან ქონიყო ერთი გაზი, ერთი პატარა ლომი, რამდენიმე ცალი ქლიბები და ორმოცამდე მავთულზე ასხმული გასაღებები. ამ დაჭერიდან ტატომ თავი ოსტატობით იხსნა და ხელახლად გავარდა.

445678002
ის როდესაც მეტეხის ციხეში მოამწყვდიეს, იქ დიდხანს არ დარჩა. ერთ დღეს ჩავარდა ციხის ფეხსადგილში და მტკვარში ცურვით ორთაჭალაში თავი ამოჰყო. ამგვარადვე ოსტატურად შემდეგში გაიპარა პოლიციის კამერიდან, მესამეთაც გაიპარა საოლქო სასამართლოს ფეხსადგილიდან, ეხლანდელ ორიანტის სასტუმროს შენობიდან.
რავდენჯერაც ის გაიპარებოდა, იმდენჯერ ქალაქის მცხოვრებთ შიშის ზარი ეცემოდათ, იმისი შეუბრალებელი მხეცური საქციელი ხალხს ძილს უფრთხობდა და სიცოცხლეს აძულებდა. წარმოიდგინეთ, რომ თავის ამხანაგებსაც უკვირდათ თურმე იმისი სისხლით გაუმაძღრობა.
როგორც წინა ფურცლებში ვსთქვი, პოლიციის სისუსტით ყველა ქურდი სარგებლობდა, თუ არა ტატოს რა დააბრკოლებდა. ღამის დარაჯს, ესე იგი ბაზრის მცველ ასასს თავს გააგდებინებდა, მერე ადვიალთ გულდინჯათ შეუდგებოდა თავის საქმეს ძვირფას ფარჩეულს ფურგუნებით ეზიდებოდა სამხედრო გზებზე და არაგვის მოხევებში არხეინად ანაღდებდა ისე, როგორც საკუთარი ოფლით შეძენილს. ღამღამობით მისი ბინა იყო ალექსანდრეს ბაღი ანუ აბანოები.
ქალაქიდან გასაქცევათ კიდევ ერთი შეკმაზული ცხენი პეტრეპავლეს სასაფლაოსთანა ყავდა, ერთიც ვერაზე განაპირა გზის დუქანში. ამბობენ, იმას ადვილათ დაიჭერდნენ, მაგრამ შიშის გამოთ ყველა ხელს აფარებდა და მალავდა. სახლებიდან ღამით პურის საყიდლად ვერ გადიოდნენ, არამც თუ ცირკში და თეატრში ევლოთ. რა ნაირი ვაჟიკაცი უნდა ყოფილიყო, რომ ბინდისას სადმე ბაღში გაევლო და ტატოს ხიფათში არ შებმულიყო. ამბობენ საკვეხურად ხელცახოცი სავსე ადამიანის დაჭრილი ყურები დაჰქონდაო.
ერთხელ ორთაჭალის ბაღში ქეიფის დროს ტატოს ნათლია, თბილისის მეოთხე უბნის პრისტავი ლოლაძე შეესწრო, ტატომ სწრაფათ გულში დამბაჩა დაახალა, მაგრამ ლოლაძემ რაღაც ხერხით აიცდინა და ეს ჯავრი გულში შეინახა.

175_800
ეს იყო 1879 წელში რუს-ოსმალეთის ყარსის საშინელი ომიანობის დროს, რის გამოთაც მთელს სახელმწიფოში სამხედრო წესები იყო შემოღებული. ტატო წულუკიძე იმედ გადაწყვეტილი ფიქრში ჩავარდა. იმან ცხადათ იცოდა, რომ ქალაქში მისი ყოფნა საეჭვო იყო, ამის გამოთაც ამხანაგები მოიშორა და თითონ მარტო ცხენით გაემართა ოსმალეთში გადასასვლელათ, ის კიდეც მივიდა ყარსში და ნადიმობას მიეცა. პრისტავი ლოლაძემ უმაღლეს მთავრობისაგან განკარგულება მიიღო, რომ როგორც ყოფილიყო და რაც უნდა დამჯდარიყო, უსათუოთ ტატო წულუკიძესთანა მავნე პირი უნდა რაიმე ხერხით დაეჭირა. როდესაც ლოლაძემ ყური მოჰკრა, რომ თავის ნათლული ამჟამად ყარსშია, თითონაც ექესის ყაზახით დაუყოვნებლივ იქით გაემგზავრა.
სწორეთ იმ დუქანში მივიდა, სადაც ტატო ქეიფობდა. ტატოს აფიცრის ტანისამოსი ჩაეცვა, ლოლაძესაც მეგრული ჩოხა, ამის მიზეზით ერთმანეთი ვერ იცნეს. ლოლაძე დუქნის ერთ კუთხეში მიჯდა და ლუდი მოითხოვა. ამ დროს ტატომ შენიშნა და იკითხა, ეს კაცი ვინ უნდა იყოსო. ამხანაგებმა აუხსნეს, რომ ქალაქელი პრისტავია და ყაჩაღ ტატოს დაეძებსო, ამ სიტყვამ ტატოს ტვინიდა ფეხის ფრჩხილებავდისინი ელექტრონის ტოკივით გაუარა. გონება დაბნეული ახტა და კარში გავარდა, შეჯდა ცხენზე გზა და კვალ დაბნეული, ისევ აქეთ გამოაჭენა. ერთი საათის შემდეგ ლოლაძემ ყველაფერი შეიტყო, ისიც ისე გადირია, არ იცოდა, საით წასულიყო. ბოლოს ერთმა მწყემსმა უთხრა, რომ ერთი თეთრ ცხენოსანი ალექსანდროპოლისკენ მიდიოდაო. ლოლაძემ მათრახი დაჰკრა და ანაზდათ ფალდრევანის გზის დუქანში წვიმისაგან დასველებული ბუხრის წინ მჯდომი უიარაღო ყაჩაღი დაიჭირა, იმავე დუქნის წინ ტატოს ერთი ბრძენი მოეკლა და პარკით ოქრო წაერთმია. ლოლაძეს უნდოდა, იქ მყოფნი ყველა დაეჭირა, მაგრამ რაკი ტატომ ყველაფერი იკისრა, მაშინ ისინი გაუშვა და ტატო პაოსკაზე თოკებით დაშლართული ისევე ყარსში მიიყვანა. როდესაც ყარსის გუბერნატორს კიდევ 14 ყაზახი მოსთხოვა, რომ 20 ყაზახით ჩამოეყვანა ქალაქში, გუბერნატორს ლოლაძე საეჭვოდ უცვნია და უარი უთქვამს. შემდეგ ლოლაძეს დაკუმენტები უჩვენები და ხელიც მოუწერია, რომ მოვალე ვარ ტატო წულუკიძე ჩავაბარო თბილისის სამხედრო სასამართლოსო. ამით საქმე გათავებულა, ტატო ჩამოუყვანიათ ქალაქში ოცივე ყაზახის თოფები გულში დამიზნებული. ჩამოყვანის შემდეგ გაქცევის შიშით ციხეში აღარ ჩაუსომთ სამხედრო წესების გამოთ.

თბილისის-ძველი-ფოტოები-1
სამხედრო სასამართლოს ჩამოხრჩობა გადაუწყვეტია, რომელიც სისრულეში მოიყვანეს სახალხოთ არსენალის მინდორზე 1880 წლის დასაწყისში. ჩამოხრჩობის შემდეგ ტატო წულუკიძეს დარჩა 32 გასარჩევი საქმე.”

წყარო : გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2011წ.

კომენტარი