ძველი გენგეგმა ვერ დაბრუნდება – მამუკა სალუქვაძე გუშინდელი გაუგებრობის შესახებ

ძველი გენგეგმა ვერ დაბრუნდება – მამუკა სალუქვაძე გუშინდელი გაუგებრობის შესახებ

424
გაზიარება

გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით შეზღუდულ არეალებში ძველი ფუნქციური ზონირება ბრუნდება, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. არაერთმა ადამიანმა ეს სიახლე, რაღაც მხრივ, „ძველი გენგეგმის დაბრუნებად“ მონათლა, თუმცა ეს ასე, ცხადია, არ გახლავთ. თბილისის მერის მოადგილემ დღეს აღნიშნული საკითხი განმარტა და აღნიშნა, საუბარია 11 არეალზე, რომელთა შემთხვევაშიც, ახალი გენგეგმის ჯგუფმა ქალაქის ხელმძღვანელობას დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მისცა. მერიამ აღნიშნული რეკომენდაცია, უფრო სწორად, დავალება შეასრულა. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ტერიტორიებით სარგებლობის უფლება ჰქონდათ შეზღუდული, წელიწადნახევრის შემდეგ, შეზღუდვები მოეხსნებათ (იქ, სადაც ეს მერიამ, კვლევების საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნია).

ამ საკითხს გამოეხმაურა გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე, რომელმაც „სითი კვირასთან“ მოცემულ არეალებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იყო აუცილებელი შესაბამისი კვლევების ჩატარება.

„გუშინდელმა ინფორმაციამ, მგონი, ყველა დააბნია, მათ შორის, გენგეგმის ჯგუფიც, ამიტომ საინტერესო იყო დღეს მაია ბითაძის მიერ გაკეთებული განმარტება, რითიც გავიგეთ, თუ რაზეა საუბარი. თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ საქმე სწორედ იმ 11 არეალს ეხებოდა, რომელიც გენგეგმის ჯგუფმა, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, კვლევისა და შემდგომი დამუშავების მიზნით გამოყო. ეს ის არეალებია, სადაც, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი იყო წყლის ობიექტებთან სანიტარული ზონების დადგენა (გლდანი, თბილისის ზღვა, ლისის ტბა) და განაშენიანების იმგვარი განვითარება, რომ მათ დაცვასა და შენარჩუნებას, კანონმდებლობის შესაბისად, საფრთხე არ შექმნოდა.

გარდა ამისა, არსებობდა გარკვეული არეალები, სადაც განაშენიანება იყო მოსაწესრიგებელი, რადგან ნაკვეთები ქაოსურად იყო გაცემული. ამის ერთ-ერთი მაგალითი შინდისი გახლავთ, რომელიც ამ 11 არეალში შედის. ვიცით ისიც, რომ დაიწყება მუშაობა ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად, ასევე, დაიგეგმება ტერიტორიების მოწესრიგება და გარკვეულწილად, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება დოლიძის ქუჩაზე, აკადემქალაქის ტერიტორიაზე და ორთაჭალაშიც.

ეს ყველაფერი გენგეგმაში დავალების სახითაა ჩაწერილი და მერიამ ეს დავალება შეასრულა. კონკრეტული კვლევები ჯერ არ გვინახავს და ბუნებრივია, საინტერესო იქნება, თუ როგორ დაასაბუთებს მერია თითოეულ ცვლილებას, რასაც გენგეგმის ჯგუფი, საზოგადოებასთან და სპეციალისტებთან ერთად, აუცილებლად გაეცნობა. სწორედ ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ თითოეული გადაწყვეტილების მართებულობაზე.“ – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარი