ყარაჩოხელების წარმომავლობა და მათი გამორჩეული თვისებები

ყარაჩოხელების წარმომავლობა და მათი გამორჩეული თვისებები

2026
გაზიარება

სიტყვა ყარაჩოხელი თბილისური, ქალაქური, ქართული წარმოშობისაა. იგი XIX საუკუნეში გაჩნდა. ყარაჩოხელის სახელწოდება ჩაცმულობიდანაა მიღებული და შავჩოხიანს ნიშნავს.
ყარაჩოხელებს ეცვათ შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი და მოკლენაოჭიანი. ყელზე გადაგდებული ჰქონდათ აბრეშუმის სახიანი მერდინი. შიგნიდან ეცვათ წითელი აბრეშუმის, გულამოჭრილი პერანგი, ზედ – შავი ატლასის ან ყარამანდული წვრილნაოჭიანი ახალუხი. განიერი შალის შარვალის თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდათ გაყრილი. მათი სამკაული იყო ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში მწვანე ბაღდადი, ”გალიბანდის” ე. წ. ”წიწაკა” ქუდი, წელში ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა. ყველა ყარაჩოხელს ჰქონდა დიდი ვერცხლის ქამარი იმისთვის, რომ მისი დაღუპვის შემდეგ ქამარი გაეყიდათ და კუბო შეეკრათ.
ყარაჩოხელები სოციალურად დაბალ ფენას განეკუთვნებოდნენ. ისინი ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელი მუშები და ხელოსნები იყვნენ, რომელთაც სინდისის საკუთარი კოდექსი გააჩნდათ.

copy-of-p1000938

ყარაჩოხელები, პრაქტიკულად, კანონგარეშე ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ იმ წესებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც მათი წინამძღოლი, უსტაბაში ამკვიდრებდა. ამ წესებით ყოველ ყარაჩოხელს ევალებოდა:

  1. ყოველი ოსტატი ვალდებულია გაჭირვებაში მეორეს დაეხმაროს;
  1. ოსტატებმა ერთმანეთს შეგირდები არ უნდა წაართვან;
  1. რომელიმე ყარაჩოხელის სიკვდილის შემთხვევაში მისი დამარხვისა და სხვა ხარჯები ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიღოს, რომლებიც ამქარში ირიცხებიან;
  1. შეგირდი ოსტატად მთელმა ამქარმა უნდა აკურთხოს;
  1. ახალი უსტაბაშის არჩევის დროს ამქრიდან ერთი წევრიც რომ იყოს ამ კანდიდატურის წინააღმდეგი, მას არ აირჩევენ.

ძველი თბილისი 12

ყარაჩოხელი ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ფალავანი იყო, უსამართლობის მოძულე, სუსტების მფარველი. იყო ასეთი შემთხვევა – 1863 წელს თბილისში გავრცელდა ქოლერის ეპიდემია, მთელი ადმინისტრაცია გაიქცა ქალაქიდან და ხალხს ყარაჩოხელები პატრონობდნენ. ორთაჭალასთან იყო ჩაიხანა და ჩაის ასმევდნენ.
ისტორიკოს ელენე ბოცვაძის მიხედვით, “ყარაჩოხელები ქეიფის მოყვარული ხალხი იყო, ისინი შრომით მოპოვებულ ფულს არასოდეს ინახავდნენ და უზრუნველად ხარჯავდნენ ღვინოში. თბილისში ლეგენდაც კი არსებობდა ყარაჩოხელი ალექსას შესახებ, რომელმაც ორთაჭალის ბაღში ძალიან დიდი ფული, 100 თუმანი იპოვა და იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა შეენახა, ადგა და მთელი ამქარი ერთი კვირის განმავლობაში აქეიფა. იმ კვირაში თბილისში არც ერთი სახელოსნო აღარ მუშაობდა. ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდა, რადგან ხელოსნები ყველას სჭირდებოდა, ისინი კი გაშლილ სუფრას უსხდნენ და ვართალალოს გაიძახოდნენ“.
სახელდახელო სუფრაზე საოცარ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ, მაგალითად: ,,ეს გაუმარჯოს იმ მებაღეს, ვენახში რომ გაივლის, დაწოლილ ვაზს შეამჩნევს, წამოაყენებს, ახეირებს, ნაყოფს გამოაღებინებს, დაჰკრეფს, დაწურავს, დალევს და სხვასაც დაალევინებს”.
ქეიფში, პურ-მარილში ღამენათევი მეინახენი გათენებისას ქეიფს თბილისის გოგირდის აბანოებში აგრძელებდნენ. ცხელი აბაზანისა და ლაზათიანი ქისის მიღების შემდეგ ”სუფრა” ზედ აუზის თავზე იშლებოდა და კვლავ ისმოდა ყარაჩოხელთა ”ფრთიანი” სადღეგრძელოები.


გამოყენებული მასალები : გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, ტფ., 1927. თამაზ ბერაძე, ძველი თბილისის სურათები, თბილისი, 1980 წ.

კომენტარი