„ნაცვალსაგებლად“ თავისთვის და თავის „საყუარლოსა ძმისა“ – ლურჯი მონასტრის ისტორია

„ნაცვალსაგებლად“ თავისთვის და თავის „საყუარლოსა ძმისა“ – ლურჯი მონასტრის ისტორია

208
გაზიარება

ტაძარი დგას ნიკო ნიკოლაძის ქუჩის ბოლოში, ხევის პირას, რომელიც მტკვრის ხეობისკენ გადის. ასეთი სახელწოდება მან მიიღო იმის გამო, რომ გუმბათი ლურჯი ფერის შორნაკეცით იყო დაფარული. მშენებლობის მოთავე ქართლის მთავარეპისკოპოსი ბასილი ყოფილა. ეს ირკვევა ლურჯი მონასტრის სამხრეთის კარის თავზე შემონახული წარწერიდან. ტაძარი ანდრია მოციქულის სახელზე ბასილის აუგია თავის საგვარეულო სამარხად, „ნაცვალსაგებლად“ თავისთვის და თავის „საყუარლოსა ძმისა“. ეს უკანსაკნელი გახლდათ ერისთავთ–ერისთავი, ქართლის ამირთ–ამარი, „რუისთვისა და შვიდთა მთეულთა პატრონი“ აბუსალანი. ეკლესია აშენებულია თამარის მეფობის დროს, XII საუკუნის მიწურულში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ეკლესია თავდაპირველად გუმბათიანი იყო. იგი დროთა განმავლობაში რამდენჯერმე აღადგინეს და გადააკეთეს. მე–16, მე–17 საუკუნეებში იმდროისათვის დანგრეული ტაძარი უგუმბათოთ აღადგინეს და თუმცა გეგმა უცვლელად დატოვეს, კედლების დიდი ნაწილი ახლად ამოუყვანიათ და წრიული თაღები შეისრულით შეუცვლიათ. ორქობიან სახურავქვეშ მოქცეული სივრცე სამ ნავად დაიყო. მე–19 საუკუნეში ეკლესია ერთხანს დენთის საწყობად აქციეს. 1872 წელს არქიტექტორი ჩიჟოვის პროექტით, ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციებისათვის უცხო ფორმების მქონე გუმბათი დაადგეს.

დღემდე მოღწეულ ნაგებობაში მშენებლობის რამდენიმე პერიოდი ამოიკითხება. თავდაპირველად ეკლესიიდან შემორჩენილია გეგმარება, აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლების ქვემო ნაწილების ქვის წყობა, აღმოსავლეთის ფასადის სარკმელები და ნახსენები წარწერა სამხრეთის კარის თავზე.

კომენტარი