COVID 19 -ის პანდემია – მდგრადი ქალაქების დაგეგმვის წინაპირობა?!

COVID 19 -ის პანდემია – მდგრადი ქალაქების დაგეგმვის წინაპირობა?!

101
გაზიარება

COVID 19-ის პანდემიისა და მისი გაკვეთილების შესახებ მედიაში ბევრი იწერება. გაკვეთილები საკმაოდ მძიმედ შესასწავლი აღმოჩნდა მსოფლიო საზოგადოებისთვის. ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, საგარეო თუ შიდა პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავება და ა.შ, მცირე ჩამონათვალია იმ  საკითხებისა,რაც ხშირად განიხილება COVID 19-ის  მძიმე შედეგების კონტექსტში.

და მაინც, პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კიდევ ერთი მძიმე ტალღას აანონსებს, საინტერესოა, თვალი გადავავლოთ მსოფლიო ქალაქების ცხოვრებას პანდემიის პირობებში  და იმ ზოგად პრობლემებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში პანდემიამდეც არსებობდა, თუმცა   COVID 19-მა  დღის წესრიგში მათი აქტუალობა სულ სხვა კონტექსტში დააყენა.

ყოველწლიურად მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით 8,8 მილიონი ადამიანი იღუპება. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული კლიმატური პრობლემები კი, პირდაპირ თუ ირიბად, ადამიანების  ნაადრევ გარდაცვალებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.

ადამიანების ნაადრევი გარდაცვალების მიზეზებში ასევე ერთ-ერთი პირველია ავტო-საგზაო კატასტროფები. სტატისტიკა აქაც შემზარავია, მსოფლიო მასშტაბით, 1,35 მილიონი ადამიანი სწორედ საგზაო კატასტროფების შედეგად იღუპება. მაგალითისთვის, 2016 წელს ჩინეთში 256,18 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით, რაც ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პერიოდში, ჩინეთის მაგალითზე, თვეში 20 ათასი ადამიანი გადაურჩა ავტო კატასტროფით გარდაცვალებას.

ავტომობილების მოძრაობა არამხოლოდ ჰაერის დაბინძურებისა და ავტო-საგზაო შემთხვევათა რისკს არ ზრდის, არამედ ის ახდენს ზეგავლენას ადამიანების ჯანმრთელობის იმ პრობლემებზეც, რომლებსაც არასაკმარისი ფიზიკური აქტივობები იწვევს. მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი  – ფიზიკური აქტივობების შემცირების შედეგად მსოფლიოში 3.2 მილიონი ადამიანი იღუპება.

პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ავტომობილების გზებზე მოძრაობა და ინდსუტრიული საქმიანობა 70-80%-ით შემცირდა, რამაც ასევე შეამცირა CO2-ის ჰაერში გამოყოფა. ჩინეთის შემთხვევაში ეს რიცხვი 30%-საც კი გადასცდა. ფორბსის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჩინეთში ერთი თვის განმავლობაში 25%-ით შემცირებული ჰაერის დაბინძურებამ 9 ათასი ადამიანის ნაადრევად გარდაცვალების რისკები ნულამდე დაიყვანა.

ფიზიკური აქტივობა ასევე შემცირდა პანდემიის პერიოდშიც, “დარჩი სახლის” კამპანიების პირობებში, როდესაც მოსახლეობას პარკებსა და სკვერებშიც კი ეკრძალებოდა გასვლა და სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის წესების დაცვა.  პანდემის პერიოდში საშუალოდ ფიზიკური აქტივობების რიცხვი ადამიანებში 20-30%-ით შემცირდა.

ამ ბოლო დროს მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებისგან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან ხშირად გავიგებთ ფრაზას, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ცხოვრება covid19-თან ერთად. მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, სოციალური კავშირები, გადაადგილების მაღალი დონე მსოფლიო ქალაქების მთავარი მახასიათებლებია, ამასთანავე, ისინი წარმოადგენენ დაავადების გავრცელების მთავარ წყაროსაც. თუმცა, ქალაქებს აქვთ შესაძლებლობა პოსტპანდემიურ პერიოდში, მათი ახლებური დაგეგმვის პირობებში,  დაავადების გავრცელების რისკები შეამცირონ.

ამის მაგალითია ველოსიპედების სავალი ბილიკებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ფართო სივრცეების შექმნა. სოციალური დისტანცირების შესაძლებლობა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, პარკებში, სკვერებსა და სანაპიროებზე.

რაც მთავარია, უკვე არსებობს იდეაც – ქალაქმგეგმარებლებისთვის საინტერესო გახდა ისეთი პარკების შექმნა, რომლებიც თავისი ფორმით  ლაბირინთს წააგავს. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა ქალაქური სივრცეების მორგება პანდემიის რისკების შემცირებასთან, ალბათ, რთული იქნება არქიტექტორებისთვისა და დამგეგმარებლებისთვის. თუმცა, ცალსახაა, რომ უკვე დიდი ხანია დგას ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საჭიროება ქალაქებისა და ქალაქური სივრცეების კონტექსტში. გახდება თუ არა COVID 19-ის პანდემია მდგრადი საზოგადოებისა და ქალაქების დაგეგმვის წინაპირობა, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

წყაროები: https://www.isglobal.org/

https://www.weforum.org/

კომენტარი