“ავტომობილების მძღოლების უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა მათ მსგავსად, სხვებსაც აქვთ მოძრაობის უფლება”

“ავტომობილების მძღოლების უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა მათ მსგავსად, სხვებსაც აქვთ მოძრაობის უფლება”

406
გაზიარება

ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემის ცვლილებით, ავტობუსების ახალი გაჩერებები ამოქმედდა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სპეციალურად გამოყოფილი გზის შუა ზოლში, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა და ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება აიკრძალა.

აღნიშნულ ცვლილებას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახალი მოცემულობით გადაადგილებისთვის საჭირო არეალი უფრო სამართლიანად გადანაწილდა.

„ჭავჭავაძის გამზირზე ცვლილებამდე არსებული სატრანსპორტო სქემა არ იყო ქვეითზე ორიენტირებული და სრულად ითვალისწინებდა ავტომობილების მფლობელების ინტერესებს. ჩვენ გვახსოვს, რომ ტროტუარები იყო ოკუპირებული და ქვეითად მოსიარულეს გავლა არ შეეძლო. აღნიშნული მოცემულობა იცვლება. სივრცის ნაწილი ეთმობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ნაწილი ველოტრანსპორტს და არეალი თავისუფლდება ქვეითებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ სივრცე უფრო სამართლიანად გადანაწილდა.“ – მიიჩნევს ლალიაშვილი.

ახალი რეალობის დადგომის კვალდაკვალ, იგი კერძო ტრანსპორტის მფლობელთა უკმაყოფილებასაც შეეხო და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახილველად ევროპული ქვეყნების წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა.

„ახალი რეალობა, ბუნებრივია, გამოიწვევს საცობებს, რადგან გზის გამტარუნარიანობა შემცირდა, თუმცა პიკის საათებში აღნიშნული პრობლემა აქამდეც იჩენდა თავს. ეს პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ. ავტომობილების მძღოლების უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა მათ მსგავსად, სხვებსაც აქვთ მოძრაობის უფლება.

დროთა განმავლობაში პრობლემას თავისთავად ეშველება. რადგან ამ სქემის ოპერირება ახლა დაიწყო, შესაძლოა შუქნიშნები იყოს დასარეგულირებელი, თუმცა ჩვენ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ამ გამზირის გამტარუნარიანობა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ამიტომ, საჭიროა მიმდებარე ტერიტორიის გადახალისება. საზოგადოების ნაწილი ალტერნატიულ გზას მოძებნის, ის ადგილობრივები კი, რომლებიც მცირე მანძილზე ავტომობილს იყენებდნენ, ფეხით გადაადგილებას არჩევენ და რაც მთავარია, ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც გაცილებით სწრაფად მიიყვანს დანიშნულების ადგილამდე, ვიდრე საცობში მდგარი კერძო ავტომობილი, უპირატესი იქნება გადაადგილებისთვის. ეს ყოველივე გამოიწვევს დამოკიდებულებისა და ქცევის ცვლილებას, რაც ბუნებრივი პროცესია, რომელიც წარმატებულმა ევროპულმა ქვეყნებმა გაიარეს. ისინი ჩვენზე 20 – 30 წლით წინ არიან, რადგან ის გზა განვლეს, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ.“ – განმარტავს სპეციალისტი.

ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად აღსაქმელად და მოსახლეობის ნდობის მისაღება, მერიამ მოქალქეებთან უფრო ინტენსიური კომუნიკაცია უნდა დაამყაროს.

„ჩვენ მერის გამოსვლებიდან გვესმის, რომ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია ადამიანზე და ჩვენ ვერთვებით ამ პროცესში, რადგან რადიკალური ცვლილებების გარეშე კოლაფსამდე მივალთ. თუმცა, მერიისგან საჭიროა უფრო პროაქტიური კომუნიკაცია, რათა მოსახლეობამ იცოდეს, რომ სწორი პოლიტიკის გატარება მიმდინარეობს, რომელსაც არ აქვს ფრაგმენტული ხასიათი“, – აცხადებს ლალიაშვილი.

კომენტარი