ძველი თბილისის სახელდებები – სეიდბადი

ძველი თბილისის სახელდებები – სეიდბადი

244
გაზიარება
აბანოების უბანს და მის მიმდებარე ტერიტორიას (იმ ადგილამდე, სადაც დღეს სამას არაგველთა ძეგლი დგას) მე–17 საუკუნიდან სეიდბადი ეწოდებოდა. ეს სპარსული სიტყვაა და სეიდების სამოსახლოს ან სეიდების უბანს ნიშნავს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს სახელწოდება გაჩენილა იმის გამო, რომ აქ სპარსეთის შაჰს სეიდების ტომი ჩაუსახლებია.

„ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსი, და დიდშენნი ავაზიანი, მარადის მომდინარე ცხელი წყალი. აქ თაბორს ყოფილა ციხე, არამედ აწ შემუსვრილი არს. აქ დასხა შასეფიმ სეიდანი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდ აბადს (სეიდის შენნი) ყოფილად ეკლესიანი დიდ–შენნი, დასახლებით „სეიდაბადი“ არსებობს თავრიზშიაც.


ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის გეგმაზე ამ უბანს ორმაგ სახელს უწოდებს „სეიდაბადი ან ტფილისი“. თავდაპირველად ამ ადგილს ტფილისი ერქვა. აქ ჩაისახა პირველი დასახლება. მემატიანე მოგვითხრობს:


„აიყარა მეფე სპარსთა, და უკუდგა რუსთავად, და გამოვიდა იგინი განთიად და დადგეს ველსა კალაისას, რამეთუ ტფილისი და კალაიცა მოოხრებული იყო მაშინ“ (ქართლის ცხოვრება).


პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განმარტებით, აქ ლაპარაკია თბილისის ორ ნაწილზე: ტფილისზე და გალავნით შემოვლებულ კალაზე. თბილისის ეს ნაწილი – საკუთრივ „ტფილისი“ ქალაქის სხვა ნაწილებთან (კალასთა, ისანთან) ერთად დროთა განმავლობაში ფართოვდებოდა. მე–12 საუკუნისათვის „ტფილისი“ (გვიანდელი სეიდაბადი) გალავნით იყო შემოზღუდული. გალავნის აღმოსავლეთი ნაწილის ფრაგმენტი დღემდე შემორჩა 300 არაგველების ძეგლის სიახლოვეს. მონღოლების შემოსევის შემდეგ ეს ადგილი (აბანოების უბნის გარდა) მე–19 საუკუნემდე აღარ განაშენიანებულა და ბაღებით იყო დაფარული.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თბილისის გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებებს. 1937 წელს აშენდა სააბაზანო კორპუსი, 1962 წელს კი, მის გვერდით აშენდა ბალნეოლოგიური კურორტის ახალი მაღლივი კორპუსი.

სეიდაბადის ტერიტორია არაერთხელ იქცა ბრძოლის ველად. ამის აღმნიშვნელია 300 არაგველის ძეგლი, რომელიც 1959 წელს აიგო აირქიტექტორ ა. ბაქრაძის პროექტით. მის პირდაპირ განლაგებულია მაჩაბლის დასისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი. აქვეა ფიროსმანის მეტად ემოციური ძეგლი, რომლის ავტორია მოქანდაკე ე. ამაშუკელი (არქიტექტორი ნ. მგალობლიშვილი). ძეგლი დაიდგა 1975 წელს.

კომენტარი