ალექსანდრეს ბაღი – ძველთბილისური დასახელებანი

ალექსანდრეს ბაღი – ძველთბილისური დასახელებანი

133
გაზიარება

ალექსანდრეს ბაღი – ასე ეწოდებოდა ტერიტორიას, რომელსაც დღეს თაბუკაშვილის ქუჩა 9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის ბაღებად ყოფს. იგი დამრეცი რელიეფის ორ დონეზეა გადაშლილი.

ბაღის ქვედა ბაქანზე ძველად ყაბახი (ასპარეზი) იყო. ყაბახი ამ ადგილზე ტურნეფორისეულ თბილისის 1701 წლის ნახატზეა ნაჩვენები. ამასვე მიუთითებს ვახუშტი ბაგრატიონიც თბილისის 1735 წლის გეგმაზე. ამ ადგილზე კვლავ ყაბახია მე–19 საუკუნის დასაწყისშიც (თბილისის 1800 წლის გეგმა). აქ სხვადასხვა სახის ასპარეზობა იმართებოდა ხოლმე. ერთმანეთს ცვლიდნენ ცხენოსნები, მოჭიდავეები, ყოჩები, აქლემები, მამლები…

ძველი თბილისის მცოდნე და მოტრფიალე იოსებ გრიშაშვილი ასე აღწერდა ყოჩების ჭიდაობას: „ყველაზე ძლიერ გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებული მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზედ ფერადმძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკანგადატანილ რქის წვერებს კოპწიად გადაუხერხავდნენ… ჭიდაობის გათავების შემდეგ, ყველანი „ჩასხდებოდნენ“ მტკვრის პირას ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი (ი. გრიშაშვილი. ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბილისი 1927, გვ. 30).

გასული საუკუნის შუა ხანებში ძველი ყაბახის ტერიტორიაზე მოაწყვეს სამხედრო პლაცი („ალექსანდრეს პლაცი“), 1859 წელს კი საფუძველი ჩაეყარა ფერდობებზე გაშლილ ბაღს. თბილისის პირველი საზოგადოებრივი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა 1865 წელს, მას ალექსანდრეს სახელი შეუნარჩუნეს.

ბაღი დააპროექტა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა. იგი ეპიზოდური პიროვნება როდია მე–19 საუკუნის თბილისის არქიტექტურაში. ოტო იაკობ სიმონსონი (1832–1914), რუსეთში გადმოსახლებული შვედი ოჯახის შთამომავალი, 1858 წელს იღებს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსის წოდებას. იგი თბილისში მოღვაწეობდა 1858–1903 წლებში. დაპროექტებული და აშენებული აქვს შენობების დიდი რაოდენობა თბილისსა და საერთოდ კავკასიაში. თბილისში აგებულ შენობათა შორის აღსანიშნავია მეფისნაცვლის სასახლე (დღევანდელი პიონერთა სასახლე). ალექსანდრეს ბაღის რეგულარული დაგეგმარებისა იყო და თბილისის იმდროინდელი პრესა მას პირველი „ევროპულ ყაიდის“ ბაღს უწოდებდა. სიმონსონმავე დააპროექტა ამ ბაღისათვის საგამოფენო პავილიონები, მებაღის სახლი, კაფე–რესტორანი, შადრევნები, ქაშვეთის ეკლესიის ახალი გალავანი.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ბაღს კომუნარების სახელი უწოდეს.
1981 წელს ჩატარდა კომუნარების ბაღის ქვემო ნაწილის რეკონსტრუქცია. ბაღის ზედა ნაწილში 1904 წელს დადგეს მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩის მიერ შესრულებული ნ. გოგოლის ძეგლი. ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, რომელიც ვარდისფერ კვარცხლბეკზე დგას ჯორჯიაშვილის ქუჩისა და პროსპექტის გადაკვეთასთან, 1922 წელს აღმართეს. ბიუსტი იაკობ ნიკოლაძის ნამუშავარია. ბაღის საწინააღმდეგო მხარეზე ჯორჯაძის ქუჩის მხრიდან 1936 წელს რუხ პოსტამენტზე დადგეს თეთრ ქვაში გამოკვეთილი გამოჩენილი რევოლუციონერის ლადო კეცხოველის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე).

კომენტარი