Air Balloon Tbilisi – ახალი ტურისტული ლოკაცია თბილისში

Air Balloon Tbilisi – ახალი ტურისტული ლოკაცია თბილისში

209
გაზიარება

თბილისის ცენტრში, რიყის პარკში 1-ელი აგვისტოდან ახალი ტურისტული ლოკაცია Air Balloon Tbilisi გაჩნდა, რომელიც მსურველებს 150 მეტრის სიმაღლიდან ძველი თბილისის დათვალიერებას სთავაზობს.

კომპანია Air Balloon Tbilisi-ის მმართველი პარტნიორის, მარიამ თევზაძის განცხადებით, ფრენა 15 წუთის განმავლობაში გრძელდება და საჰაერო ბურთის მაქსიმალური ტევადობა 30 ადამიანია. მისივე თქმით, ადგილობრივების მხრიდან ტურისტული ლოკაციის მიმართ ინტერესი დიდია.

„ფრენის ხაგრძლივობა 15 წუთია, ხოლო სიმაღლე 150 მეტრი. ფრენის ღირებულება ადგილობრივი ტურიზმის წახალისების მიზნით აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის 35 ლარია, ბავშვების ბილეთი 25 ლარი ღირს, ხოლო უცხოელი ტურისტების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება 50 ლარია.

იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო ტურიზმი გააქტიურდება და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას“, – აღნიშნა მარიამ თევზაძემ.

კომპანიის მმართველი პარტნიორი ყვება, რომ კომპანიის დირექტორსა და დამფუძნებელს, დავით კოპაძეს თბილისში საჰაერო ბურთის ამოქმედების იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ კი 4.5 მლნ ლარი შეადგინა.

„თბილისში საჰაერო ბურთის ამოქმედების იდეა გაუჩნდა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს დავით კოპაძეს, როდესაც მან ორლანდოში მოგზაურობისას დისნეილენდში ყოფნისას ნახა ეს გასართობი ლოკაცია. მან იფიქრა, რომ თბილისში ასეთი საჰაერო ბურთის გაშვება კარგი იქნებოდა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანია Aerophil-თან, რადგან ეს კომპანია ერთ-ერთი გამოცდილია ამ კუთხით.

საჰაერო ბურთი მასში გაშვებული ჰელიუმის აირის საშუალებით ადის მაღლა. სპეციალურად საჰაერო ბურთისთვის 6.5 ტონა ჰელიუმის გაზი საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანეთ.

საჰაერო ბურთის მოწყობილობა ფრანგულ კომპანია Aerophil-ს ეკუთვნის, სადაც ასევე ჩვენმა მფრინავებმა გადამზადება გაიარეს და მიიღეს ფრენისთვის აუცილებელი გამოცდილება და ცოდნა. ფრენის უსაფრთხოებას აკონტროლებს როგორც ჩვენი, ასევე ფრანგული Aerophil-ი“, – განმარტავს მარიამ თევზაძე.

მისივე თქმით, საჰაერო ბურთი წლის ნებისმიერ დროს იფუნქციონირებს, თუმცა უამინდობის დროს, ქარის შემთხვევაში, ის არ იმუშავებს.

კომპანია Aerophil 1993 წელს დაარსდა და დღეისთვის მხოლოდ საჰაერო ბურთის პროექტი 35 ქვეყანაში 80-ზე მეტ ქალაქში აქვს განხორციელებული, მათ შორის, აშშ-ისა და საფრანგეთის დისნეილენდებში.

წყარო:https://bm.ge/

კომენტარი