სატიო, საჯეირანო, სალაყბო, სარაჯხანა და სტამბოლის კოშკი – ტფილისი საუკუნეების წინ

სატიო, საჯეირანო, სალაყბო, სარაჯხანა და სტამბოლის კოშკი – ტფილისი საუკუნეების წინ

75
გაზიარება

თ. კვირკველიას წიგნი „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძველთბილისურ დასახელებას, რომელსაც წარმოშობის საკუთარი ისტორია აქვს და თბილისზე, მით უფრო, ძველ თბილისზე შეყვარებულ ადამიანს განსაკუთრებით დააინტერესებს.


სალაყბო – ბატონის მოედნის ჩრდილო–დასავლეთით, აწინდელი ერეკლეს მოედნის სკვერის ზედა მხარეზე ერეკლე მეორემ ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა ააშენა. აღა–მაჰმად–ხანის 1795 წლის შემოსევისას სპარსელებმა ქარხანა დაანგრიეს და დაწვეს. ეს ადგილი შემდგომში აღარ განაშენიანებულა და აქ მცირე მოედანზე იკრიბებოდა ხოლმე თავადაზნაურობა, რომელიც ძირითადად ამ მოედნის სიახლოვეს, ზედა უბანში სახლობდა და ყვებოდნენ ქვეყნის ამბებს და თავის აზრს გამოთქვამდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს თბილისელებმა ამ ადგილს „სალაყბო“.

სარაჯხანა – ცხენის აკაზმულობის დამამზადებელთა რიგები. სარაჯხანას თბილისში რასტაბაზრის აღმოსავლეთი მხარე ეკავა.

სატიო (სატივო) – არცთუ დიდი ხნის წინათ მტკვარში, ქალაქის ფარგლებში რამდენიმე კუნძული იყო. ბაღებით დაფარული ერთ–ერთი ასეთი კუნძული მდებარეობდა, დაახლოებით, ჩელუსკინელების ხიდსა და რესტორან „არაგვს“ შორის და მარჯვენა ნაპირთან მდინარის ტოტით იყო გამოყოფილი. ამ ადგილს სატიოს ან სატიოს უბანს უწოდებდნენ. შიდა ქართლიდან თბილისში ტივებით მოჰქონდათ ხილი, ბოსტნეული, ხე–ტყე, პირუტყვი, გადმოჰყავდათ მგზავრები. ტივების მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო რკინიგზის გაყვანამდე. ტივები ამ კუნძულამდე აღწევდნენ. აქ მათ შლიდნენ და ხე–ტყედ ჰყიდნენ.

მტკვრის ორთავ მხარეზე აგებულმა ბეტონის კედლებმა შეავიწროვეს ერთ დროს გაშლილი მტკვრის კალაპოტი. ორთაჭალჰესის მშენებლობამ კი, ბოლო მოუღო უკანასკნელ კუნძულებს ქალაქის ფარგლებში.

საჯეირანო – ასე უწოდეს არქიტექტორებმა მათ მიერ დაპროექტებულ ახალ საცხოვრებელ რაიონს. გადმოცემით, თბილისის მიდამოებშიც ბინადრობდა ჯეირანი (ქურციკი). ამას მეტყველებს დასახელებებიც: ჯეირანველი, საჯეირანო ტბა. ეს უკანასკნელი თბილისის ზღვამ შთანთქა.

სტამბოლის კოშკი – თბილისის ციხესიმაგრის კომპლექსის უმთავრეს ნაგებობათა შორის ვახუშტი ბაგრატიონი „სტამბოლის გოდოლს“ (კოშკს) მოიხსენიებს. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც თბილისში 1673 წელს ჩამოვიდა, გადმოგვცემს, რომ ეს კოშკი 1576 წელს ოსმალებმა ააგეს. ასე თუ ისე, ოსმალებს, როგორც ჩანს, მართლაც გარკვეული წვლილი შეუტანიათ მის აშენება-გადაკეთებაში და ამით უნდა აიხსნას კოშკის სახელწოდებიის წარმოშობაც.

 

კომენტარი