მოგზაურობა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში

მოგზაურობა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში

112
გაზიარება

კრაკოვში ჩასვლიდან მეორე დღეს პატარა ქალაქ ოსვენციმში გავემგზავრე, სადაც მდებარეობს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი. კრაკოვიდან 70 კილომეტრის მოშორებითაა და 1 საათის სავალია.

ავტობუსი ორივე მიმართულებით საქართველოდანვე ვიყიდე, 4€ ღირდა ერთი გზა. ამ ბანაკების დათვალიერება შესაძლებელია ტურით და მის გარეშეც. მე გირჩევთ, ტური აიღოთ, რადგან ძალიან საინტერესოა ინფორმაცია, რომელსაც გიდი გვაწვდის. მეც ტური ვიყიდე 1 თვით ადრე, მაგრამ ინგლისურ ენოვანი უკვე ამოყიდული იყო ამდენი ხნით ადრეც კი და რუსული ავიღე. 12€ გადავიხადე ტურში, რომელიც მოიცავს I და II ბანაკებს და ნახევარ დღეზე მეტი გრძელდება.

კრაკოვის ავტობუსმა ზედ აუშვიც I_თან ჩამოგვსვა, ტური დაიწყო აქ, ამ ნაწილის დამთავრების შემდეგ, ასევე ავტობუსით უფასოდ გადაგვიყვანეს მეორე ნაწილის სანახავად, რომელიც 2 კილომეტრით არის დაშორებული პირველიდან. ახლა უკვე მოგიყვებით თავად ამ ადგილების შესახებ:

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი იყო კომპლექსი, რომელიც შედგებოდა ორმოცზე მეტი საკონცენტრაციო და სასიკვდილო ბანაკისგან, რომლის ოპერირებას ახდენდა ფაშისტური გერმანია ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. იგი შედგებოდა აუშვიც I_გან (მთავარი ნაწილი), აუშვიც II_გან (მოიცავს საკონცენტრაციო, სასიკვდილო ბანაკებს და გაზის კამერებს), აუშვიც III, მონოვიცისგან (ეს ნაწილი ტურში არ შედიოდა).

1939 წლის სექტემბერში, გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდგომ, მათ გადაწყვიტეს, გარდაექმნათ აუშვიც I ომის ტყვეების ბანაკად, სადაც პოლონელ პოლიტიკურ პატიმრებს მოათავსებდნენ. ეს იყო მთავარი ბანაკი და მისი კომპლექსის ადმინისტრაციული შტაბბინა. იგი იყო 1 კმ სიგრძის და 400მ სიგანის. შედგებოდა აგურით ნაგები 22 შენობისგან, 1943 წელს დაემატა 8 ახალი შენობაც. ამ ადგილას მანამდე პოლონელთა სამხედრო ყაზარმა იყო.

სულ მალე ამ ბანაკმა შეიძინა სადიზმის, წამების და სიკვდილის რეპუტაცია. 1941 წლის დასასრულს აქ დახვრიტეს 500 000 – 800 000 საბჭოელი ებრაელი. იმ პატიმართა რეგისტრაცია, რომელთაც გაზის კამერაში არ აგზავნიდნენ ხდებოდა პატიმრების მისაღებში, სადაც მათ პარსავდნენ, დეზინფექციას უკეთებდნენ და ატატუირებდნენ. სწორედ პატიმართა მისაღები ცენტრი გარდაიქმნა თანამედროვე მუზეუმის ტურისტთა მისაღებ ცენტრად.

ბანაკის ტერიტორიაზე ასევე მოქმედებდა კრემატორიუმი, რომელსაც 340 სხეულის დაწვა შეეძლო 24 საათში.

აუშვიც II_ის მშენებლობა დაიწყო 1941 წლის სექტემბერში. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ბანაკი პატიმართა სრულ რაოდენობას ვერ იტევდა, საჭირო გახდა მეორეს აშენება.
თითოეულ შენობას უნდა დაეტია 744 პატიმარი, რაც 125 000_ს უდრიდა მთელი ბანაკის მასშტაბით. სულ აშენდა 174 შენობა, ზომა 35×11 მეტრი იყო. შიგნით გაკეთებული იყო ხის და აგურის ე.წ საწოლები პატიმართათვის. თითოეულს 1 კვ.მ ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. იმდენად მჭიდროდ იყვნენ, რომ ხან ერთმანეთზე ეძინათ. იმის შიშით, რომ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არ მოეპარა მათთვის სხვა პატიმარს, ხელში ჰქონდათ ჩაბღუჯული ძილის დროს.

1942 – 1944 წლებში ევროპის იმ ნაწილიდან, რომელიც გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი, მატარებლებს მუდმივად მიჰყავდათ ებრაელები ამ ბანაკის გაზის კამერებთან. 1.3 მილიონი ადამიანიდან, რომელიც აქ გაგზავნეს, 1.1 მილიონი დაიღუპა, მათი 30% ქალი იყო.

ასეთია სტატისტიკა:
• 960 000 ებრაელი.
• 74 000 არა ებრაელი პოლონელი.
• 21 000 ბოშა.
• 15 000 საბჭოთა ტყვე.
• 15 000 სხვა ევროპელი ხალხი.

ისინი, ვინც გაზის კამერაში არ მოკლეს, დაიხოცნენ შიმშილისგან, დაავადებებისგან, დახვრეტით, ცემით, ან სამედიცინო ექსპერიმენტებით.

მინიმუმ 802 პატიმარმა სცადა გაქცევა, აქედან 144_მა წარმატებით.

საბჭოთა არმია შევიდა აუშვიცში 1945 წლის 27 იანვარს. მის აღსანიშნავად ამ დღეს საერთაშორისო გენოციდის დღე ეწოდება. ომის დასასრულისას გერმანელებმა ამ ბანაკის ტყვეთა უმრავლესობა სასიკვდილო მარშით გაგზავნეს დასავლეთით, გერმანიისა და ავსტრიის ბანაკებისკენ.

1947 წლიდან პოლონეთმა დააფუძნა აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი აუშვიც I და II_ის ტერიტორიაზე, ხოლო 1979 წლიდან იგი შედის UNESCO_ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ახლა უკვე რაც შეეხება თავად ტურს. აუშვიც I_ში მისვლისას შევედით მისაღებში, სადაც ბარგი დავტოვეთ და მოვემზადეთ ტურის დასაწყებად. მონაწილეთა რაოდენობა მაქსიმუმ 30 ადამიანი იყო.

როგორც ზემოთ ვახსენე, აუშვიც ერთი შედგება აგურით ნაგები ორ სართულიანი შენობებისგან. ბანაკს გარს ცემენტის ბოძები არტყავს, რომელზეც მავთულხლართია შემოხვეული, ეს როგორც ციხეებშია ხოლმე ზოგადად. ბანაკის კუთხეებში კოშკურები დგას, საიდანაც როგორც ჩანს დამატებით ზვერავდნენ სიტუაციას. გიდმა შენობების ნახევარში შეგვიყვანა და გზადაგზა სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიდა.

ამ ნაგებობებს განსხვავებული დანიშნულება ჰქონდათ, მაგ. სამედიცინო ექსპერიმენტების კორპუსი, დასასჯელი ღონისძიებების კორპუსი და ა.შ. ყველა მათგანი ძალიან საინტერესო ისტორიას ინახავდა.

მუზეუმში შემონახულია ფეხსაცმელების ,,ზღვა“, რომლებსაც პატიმრებს ართმევდნენ გაზის საკნებში შეყვანამდე. აგრეთვე ხელჩანთები, ჩემოდნები, სათვალეები და სხვა ნივთები, რომელთაც პატიმრები საკონცენტრაციო ბანაკში ჩამოსვლისას ხელმძღვანელობას აბარებდნენ. საკმაოდ დიდი ოთახებია ამ ნივთებით სავსე. მათი დანახვით მარტივად მისახვედრია, რომ აქ უამრავი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

აუშვიც I_ის ტური დაახლოებით 1.5 საათი გაგრძელდა. რომ დავამთავრეთ, ავტობუსი დაგვხვდა გარეთ და აუშვიც II_ში წაგვიყვანა. ფართობით ეს ბანაკი წინას აღემატება, ვრცელი, დიდი მინდორი არტყამს. დასაწყისში გიდი დაგვყვებოდა, გვაჩვენა რამდენიმე ხით აგებული შენობა, რომელიც შინაური ცხოველების სამყოფს უფრო წააგავდა, ვიდრე ადამიანებისას. ვნახეთ ქვის და ხის ,,საწოლებიც“, სადაც პატიმრებს ეძინათ და სასადილოც, რომელიც შედგებოდა ორი გრძელი სკამით და გრძელი, ხის გობით, სადაც საჭმელს უსხამდნენ პატიმრებს ისე, როგორც ცხოველებს.

შემდეგ თავისუფალი დრო გვქონდა ბანაკის ტერიტორიაზე სასეირნოდ. ვნახე ადგილი, სადაც გაზის კამერა იყო ადრე. ახლა ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. მეორე ბანაკშიც 2 საათამდე დრო დავყავი.

ისტორია, რომელსაც აუშვიც-ბირკეუნაუს საკონცენტრაციო ბანაკი ინახავს ძალიან საინტერესო და ამავე დროს დმთრგუნველია. ვერ გეტყვით, რომ ამ ტურით დიდი სიამოვნება მივიღე ამ ადგილის ასეთი ისტორიის გამო, მაგრამ სწორედ ამ ისტორიის მოსასმენად და ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის სანახავად ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი ჩადის. თუ ისტორია გიზიდავთ, ორი აზრი არ არის, რომ აუცილებლად სანახავი ადგილია.

გიორგი ხოტენაშვილი

კომენტარი