ტფილისი და „ყველაზე წესიერი რუსი“

ტფილისი და „ყველაზე წესიერი რუსი“

1558
გაზიარება

კნორინგის, ციციანოვის, ტორმასოვის, პაულიჩის, რტიშჩევის, ერმოლოვის, პასკევიჩისა და როზენის შემდეგ ვორონცოვი იყო პირველი მთავარმმართებელი, რომელმაც  შეძლო  და ტფილისის და მთლიანად საქართველოს გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვა. ტფილისელებმა მას ახლანდელი ზაარბრიუკენის მოედანზე ძეგლიც კი დაუდგეს. რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილ 5 ათას მანეთს 36 ათასი დაუმატეს და 1867 წლის 25 მარტს თბილისში ვორონცოვის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

Monument_to_Count_M._Vorontsov._1880

ვორონცოვი საქართველოში ჯერ კიდევ პავლე ციციანოვის მმართველობისას მსახურობდა.  როცა მისი კავკასიის მთავარმმართებლად დანიშვნა გადაწყდა, ქართველები ამ ამბავს სადღეგრძელოებით, ზარბაზნების სროლითა და ჩირაღდნებით შეხვდნენ. წინამორბედებისგან განსხვავებით, ვორონცოვმა ქართველებთან მიმართებაში ერთგვარი რბილი ძალის გამოყენება არჩია და ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობდა,  მათი კეთლინგანწყობა მოეპოვებინა. როგორც ვორონცოვი ამბობდა, მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართველ ერს დედინაცვალი მშობელ დედასავით შეჰყვარებოდა“.
მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლობის დროს საქართველოში გამოიცა ყოველკვირეული გაზეთი „კავკასიის მხარეთა უწყებანი“ და რუსული გაზეთი „კავკაზი“, დაარსდა რუსული და ქართული თეატრები, ოპერა, სადაც იტალიიდან მოიწვია საოპერო დასი, თბილისში გაიხსნა წმინდა ნინოს სასწავლებელი, პირველი საჯარო ბიბლიოთეკა და ფრანგული წიგნის მაღაზია, მტკვარზე გაიდო ხიდები და აიგო საცხოვრებელი სახლები, აშენდა ფაბრიკა-ქარხნები და განვითარდა მრეწველობა და ვაჭრობა.

Dawe,_Mikhail_Vorontsovვორონცოვს  უკავშირდება  ტფილისის და ტფილისელების ე.წ. ევროპეიზაცია.  ქართველ თავად-აზნაურებს აიძულებდა, თავიანთი  ცოლები და ქალიშვილები უკანასკნელ ევროპულ მოდაზე გამოწყობილები მოეყვანათ მის მიერ მოწყობილ წვეულებებზე. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული მისი მეუღლეც.

eca47f88d1db9f24accbb836115ab276

ამ ყველაფერთან ერთად ვორონცოვი ცდილობდა ძველტფილისური ტრადიციებიც შეენარჩუნებინა. მაგალითად, ყეენობა, რომელიც მისმა წინამორბედებმა აკრძალეს, ვორონცოვმა აღადგინა და მასში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა. უნდა ითქვას, რომ ვორონცოვის ეს პოლიტიკა წარმატებით მუშაობდა და ქართველების დიდი ნაწილი მისით აღფრთოვანებული იყო და მას ყველაზე წესიერ რუსად მოიხსენიებდნენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ვორონცოვის ნამდვილ განზრახვას კარგად ხვდებოდა. აი, რას წერდა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი: “სხვა წარსული მთავარმართებლები ხომ გვატყუებდნენ, მაგრამ ისინი უფრო დესპოტური მძვინვარებით, ხოლო ის დრო ვორონცოვისა, საქართველოში, ჩვენი გამოუცდელობისათვის სულ სხვაგვარი მოსატყუებელი დრო იყო ვორონცოვისაგან… ალერსითა მითომ კაიკაცობას გვიჩვენებდა, ნამეტნავად კიდევ უფრო იმით, ვინც რუსეთის ინტერესებზე იქცეოდა, მასთან ხელგაშლილი, ჩინებსა და სხვა ჯილდოს იძლეოდა, თან ბევრი შეძლება და განცხრომა ჰქონდა ხოლმე… ამიტომ ვორონცოვის სახელს ადიდებდნენ: ეს რა ღვთიური კაცი მოგვივიდაო, ვიცოდი ესეები სულ მოჩვენება იყო ვორონცოვისგან, რომ საქართველოს ხალხი გართულები იყვნენ დროებითა და ამაებში და მთავრობაზედ ცუდი ფიქრი აღარავის ჰქონდეს. ამისათვის, რომ ვორონცოვის დროს შამილი და დაღესტანი გაძლიერებულნი იყვნენ. ქართველების ეშინოდა, მაგრამ ვორონცოვმა იმ თავისი ცბიერი გონებითა ესეები სუ ჩაშალა და ბოლო დროს ისევ მონობაში დარჩნენ ქართველები, როგორც ადრე იყვნენ რუსებისა”.

e183a7e18394e18394e1839ce1839de18391e18390-e1839ae18390e18393e1839d-e18392e183a3e18393e18398e18390e183a8e18395e18398e1839ae18398

ვორონცოვმა საქართველო და შესაბამისად ტფილისი 1854 წელს დატოვა. მისი ადგილი დროებით ნიკოლაი რეადმა დაიკავა, რომელიც 1854 წლის 22 ივნის კავკასიის ახალმა მთავარმმართებელმა, ნიკოლაი მურავიოვმა ჩაანაცვლა.

გამოყენებული მასალა: ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი. თამარ ყურაშვილის სტ.

კომენტარი