ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზეც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზეც ამოქმედდება

39
გაზიარება

ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო არეალი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა მუნიციპალურ პავილიონებს უნდა მიმართონ, რომელიც პეკინის გამზირის მსგავსად, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც განთავსდება.

„საბურთალოს რაიონში განვაგრძობთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას. შემდეგი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება. აქაც უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ სიახლესთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. ადგილობრივი მოსახლეობა  ჩვენს პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს, რაშიც მათ თბილისის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 10 სექტემრიდან ზონალური პარკირების სისტემა პეკინის გამზირზე წარმატებით მოქმედებს.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვაა. პროექტი რამდენიმე ლოკაციაზე უკვე წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ძალიან კარგია მოქალაქეებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ასამოქმედებლად, წინამოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც, ფალიაშვილისა და აბაშიძის, ასევე მათ გადამკვეთ ქუჩებზე დაიწყება.

„მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ვაკის რაიონში, კერძოდ, აბაშიძის, ფალიაშვილისა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყოს. უნდა დავიწყოთ მომზადება, რომ ვაკის რაიონშიც, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური სისტემა დაინერგოს. რა თქმა უნდა, პარკირების საფასური რაიონების მიხედვით, განსხვავებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვის, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მისული მოქალაქეებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება.

კომენტარი